საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, მაიამის სახალხო დამცველის ოფისის დახმარებით, საქართველოს იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სისხლის სამართლის 50 ადვოკატი გადამზადდა.
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ადვოკატები გადამზადდნენ შესავალი და დასვნითი სიტყვის, ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკაში, მოწმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებასა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში.
„მომავალი წლიდან მოუთმენლად ველით სისხლის სამართლის ადვოკატთა შესაძლებლობების განვითარების გაგრძელებას, რათა მათ უზრუნველყონ ბრალდებულებისთვის უფრო ძლიერი დაცვა, რაც ხელს შეუწყობს ქართველებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.