სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალებს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
სასამართლოს დიდმა პალატამ 17 მოსამართლის შემადგენლობით დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
"ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ადასტურებს.
დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.