სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებებს, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

"ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს პირველად აქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკურ წმენდას ადასტურებს. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.