ყაზახეთმა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, პორტის დაღრმავება დაიწყო

საგზაო რუკის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა.

უსკენბაევის თქმით, ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მკვეთრი მატებასთან ერთად მარშრუტზე „ბზარები“ გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, ინიცირებული იყო საგზაო რუკის შექმნა.

ამჟამად, ყაზახეთი დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მისაღწევად, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, ასევე აწარმოებს პორტში დაღრმავების სამუშაოებს. 

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკონტეინერო ფლოტისა და გემების ფლოტის შევსების საკითხები, ასევე საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება. ყაზახეთმა დაიწყო „დოსტიკ-მოინტის“ რკინიგზის მეორე ლიანდაგის მშენებლობა, რომლის სიგრძე 836 კილომეტრია.

ასევე შემუშავდა ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მესამე სასაზღვრო გადასასვლელის გახსნისა და „ბახტი-აიაგოზის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხები.

ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. გათვალისწინებულია, რომ თანხების 80 პროცენტს ევრაზიის განვითარების ბანკი, ხოლო დანარჩენ 20 პროცენტს ყაზახეთის რკინიგზა უზრუნველყოფს“, - დასძინა მინისტრმა.