აშშ-ის ელჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერდა და უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. კელი დეგნანის თქმით, ეს პროქტი მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისთვის შავ ზღვაზე.
„საწყისი პროექტი, რომელიც არსებობდა, უნდა დასრულებულიყო წლევანდელ წელს, თუმცა ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანაკლიის პორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის როლზე, როდესაც შესაძლებელი გახდება ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მეშვეობით.
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და მოვუწოდებდით მისი განხორციელებისკენ. მე როგორც ვიცი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორი არსებობს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით და მთავრობა შემდგომი წლის დასაწყისში გამოაცხადებს ტენდერს.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს ისე, რაც მოემსახურება ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - აღნიშნა ელჩმა.