ჯონ ჰერბსტი: ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. საქართველოსთვის თუ დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, ეს არ შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას

ჯონ ჰერბსტმა უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას?

 „ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია.

ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ.

ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, - აცხადებს ჰერბსტი.


მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო და არა საქართველოსთან, ეს „ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული“ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. „ამიტომ, მათ ამაზე პასუხის გაცემა არა ავტორიტარული ნაბიჯების შეჩერებით, არამედ შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმით და სასაცილო მტკიცებით გადაწყვიტეს, თითქოს შეერთებულ შტატებს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს“, - აცხადებს ჯონ ჰერბსტი

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“, - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ჯონ ჰერბსტი.