NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ბლინკენმა ბუქარესტში გამართა შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუსთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. მან შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეხკითხვას უპასუხა.
„შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო.
რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ.
რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა ეფექტიანად ჩამოვაყალიბოთ და გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. რუმინეთი საცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკული კომპონენტია ალიანსის დაცვისა და მისი სტრატეგიის.