ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა, რუსეთის მასიურ დარტყმებს, რომელიც 10 ოქტომბრიდან უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე განხორციელდა, კრიტიკული მიზნების განადგურების სტრატეგიად განიხილავს, რომელიც რუსეთის სამხედრო დოქტრინას შეიცავს.
„ეს არის ალბათ პირველი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციის განხორციელებას“,- ვარაუდობენ ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის საგანგებოდ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს დისტანციური რაკეტებით კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის განადგურებას და აქ, ნაკლებად ხდება იერიში სამხედრო ძალებზე.
„რუსეთის ამოცანაა მოსახლეობის დემორალიზება და, საბოლოო ჯამში, მიზანია, რომ სახელმწიფოს ლიდერებს კაპიტულაცია აიძულოს. რუსული დარტყმების შედეგად, ხდება ელექტროენერგიის გათიშვა, რაც უკრაინის მასშტაბით მასობრივ ჰუმანიტარულ საკითხებს ამწვავებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
თუმცა ბრიტანეთის დაზვერვა ეჭვქვეშ აყენებს ამ სტრატეგიის ეფექტურობას, რადგან, მიაჩნიათ, რომ რუსეთმა, ალბათ, უკვე გამოიყენა თავისი სარეზერვო რაკეტების უმეტესობა.
„ამიტომ ამ დარტყმების მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება, ვიდრე ომის საწყის პერიოდში, რადგან უკრაინელები მობილიზებულნი არიან“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.