აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნება

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

„ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, ამ ქვეყნის სილამაზის, გემრიელი სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის განცდა, ეს არაჩვეულებრივია. მაგრამ, ყველაზე მეტად სასიამოვნოა იმ კარგი და მტკიცე ურთიერთობის განცდა, რაც ქართველ სამხედროებთან გვაქვს.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში შესანიშნავი პროგრესი განიცადა, ძალების პროფესიონალიზაციის კუთხით და ჩამოყალიბდა ისეთ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დაცვა.

სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს“, - განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ.


საქართველოში ვიზიტით ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მან ამერიკულ მხარეს და უშუალოდ აშშ-ის ევროპულ სარდლობას თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ქართველი სამხედროების მომზადების პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებულ ინიციატივაზე და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილ საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს. დღესვე, გენერალი კრისტოფერ კავოლი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლი კიდევ ერთხელ აღნიშნეს და საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.