2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.
ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს“, - აცხადებს საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“. ამავე ცნობით, ელჩი დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.