ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, ახალ სახალხო დამცველს ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე

ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა მედიას სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

ელჩის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე, დაიცვას საქართველოს ხალხის უფლებები, მისი ინტერესები და შეასრულოს თავისი მოვალეობა ისე, როგორც ამას ნინო ლომჯარია და მისი გუნდი უზრუნველყოფდნენ.

„სახალხო დამცველის საქმიანობა გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში მნიშვნელოვანია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი მანდატი გახლავთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა.

ამით შეიძლება, ხშირად არ იყოს კმაყოფილი მთავრობა, არ იყვნენ კმაყოფილნი სხვა ადამიანები, თუმცა სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას.

ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

ჩვენთვის ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან. ეს გახლავთ უაღრესად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დღევანდელ სისტემაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანაშრომლობას“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას.