ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. განკარგულება 30 აპრილით თარიღდება.


„საინფორმაციო ცენტრმა NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში,” - წერია განკარგულებაში.


ცნობისთვის, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები იძაბება.

სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს კრიტიკით უპასუხეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.


საპასუხოდ, საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი.“