აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ

პროტესტის მონაწილეები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცველებს ჰქონდათ დაკავებული. ადგილზე მისვლისას, აქციის მონაწილეების ნაწილმა მალევე შეცვალა გეგმა და მოძრაობა დედა ენის ბაღის მიმართულებით გააგრძელეს.


მანამდე, მათი ნაწილი აქციას პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მართავდა , ნაწილი კი, პუშკინის სკვერთან, სასტუმრო "პარაგრაფთან" შეიკრიბა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ.


მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობდნენ ღონისძიების სტუმრებისთვის, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ხმა მიეწვდინათ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნების ნაწილია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.


„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი.


„ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ,“ წერს პარტია. განცხადება სრულად პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა.


საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.