ზელენსკიმ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა: სუსტი პოზიციაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ საღამოს გამოსვლისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ბარელზე 60 დოლარამდე შეზღუდვაზე, არასერიოზულია.

„ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილებას რუსეთის ბიუჯეტისთვის სრულიად კომფორტული ლიმიტის დაწესების შესახებ სერიოზული არ შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ფული, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან მიიღებს, სწორედ იმ ქვეყნების დესტაბილიზაციას მოხმარდება, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზიანი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციის გამო და მსოფლიო ვერ იღებს მისი რეალურად ენერგეტიკული განიარაღების გადაწყვეტილებას. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც უფრო ძლიერ იარაღს  გამოიყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის, ბარელზე $60-ის დაწესებაზე ევროკავშირის ქვეყნები ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ შეთანხმდნენ. დღეს კი G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მსგავსი ზომები გამოაცხადეს.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას კრემლმა, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის პირით განაცხადა, რომ ნავთობზე ზღვრულ ფასს არ მიიღებს და ამ შეზღუდვას არ აღიარებს.