მედია: პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე პალიატიურ მკურნალობაზე მას შემდე გადაიყვანეს, რაც მისი სხეული ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებს. პელეს კუჭის სიმსივნე აქვს. 

ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

პალიატიური მზრუნველობის მიზანია იმ პაციენტების ტანჯვის პრევენცია და შემსუბუქება, რომლებიც სიცოცხლისათვის საშიში ან განუკურნებელი დაავადების წინაშე დგანან.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გასულ სამშაბათს შეშუპებისა და გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ხუთშაბათს კლინიკამ გაავრცელა განცხადება, რომ ყოფილი ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

პელეს ქალიშვილმა კელიმაც განაცხადა, რომ მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფინალური ტურის მატჩის წინ ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გულშემატკივრებმა პელეს მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

ბრაზილიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ფეხბურთის კომისიის მიხედვით მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია.

კარიერის განმავლობაში მან 1 363 მატჩში 1 289 გოლი გაიტანა.

1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პელე დაასახელა საუკუნის უდიდეს სპორტსმენად, მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს გამოსულა ოლიმპიადაზე.