ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება ზომების შემოღების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. კერძოდ, ეს წინადადება გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნისა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას.
„ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განხორციელება ოლიგარქების საკუთრებაში არსებული აქტივების იდენტიფიცირებას ართულებს. შემოთავაზებული დირექტივა კი, შემოიღებს ჯარიმების ერთსა და იმავე დონეს ყველა წევრ ქვეყანაში“, - ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
მისივე თანახმად, „დანაშაულიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ პირს შეიძლება, მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისროს; კომპანიებს კი, შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა იურიდიული პირის (კომპანიის) მთლიანი მსოფლიო ბრუნვის არანაკლებ 5%-ისა“.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებები ახლა ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა განიხილონ.
ევროკავშირის საბჭომ სანქციების გვერდის ავლა „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიას 28 ნოემბერს დაამატა.