ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც შესაძლოა, ერთ კვირაში დამტკიცდეს.
ამის შესახებ Twitter-ზე, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
„ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის შემუშავების შესახებ აცნობა. საინტერესოა, რომ ბელორუსი სანქციების ქვეშ ისევ არ მოექცა", - წერს იოზვიაკი.
ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, ადრე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტზე ნელი ტემპით მუშაობს. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, კომისიას შეზღუდვების პროექტი რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს.
ამ ქვეყნების მიერ წარდგენილ წინადადებებს შორისაა, ბირთვული ენერგიის სფეროსა და ტექნოლოგიურ სექტორში თანამშრომლობის აკრძალვა, ყველა ტიპის დრონის ექსპორტის აკრძალვა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში მომსახურების შემცირება.
სანქციების მე-9 პაკეტის სიაში ასევე შედიოდა რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა და ფედერაციის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შეზღუდვა.