მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„აქვე მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის არის დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ოჯახებთან შეთანხმებით, მთავრობის ჩართულობით მოხდება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
„ვინაიდან დაღუპულები იყვნენ სამხედროები, ოფიცრები, მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიულ ომებში, აგვისტოს 2008 წლის ომი იქნებოდა თუ მანამდე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა იქნება აღნიშნული და სამხედრო პატივით დაკრძალული. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო ეს ტრაგედია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.