10 თვეა უკვე, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი იმპერიალისტური და აგრესიული სახე. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 10 თვეა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
- საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
„ამ ათი თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა; რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ ევროპის და ჩვენი საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის; რას ნიშნავს, როდესაც მთელი საზოგადოებაა გაერთიანებული, ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, არამედ საქართველოსთვის.
უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რომ როცა ერთიანია ქვეყანა და პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ქვეყანამ შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს. ამ წუთებშიც ძლიერი იერიშია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამასაც გაუძლებს უკრაინა, რადგან უკრაინა არის ერთიანი და იბრძვის თავისი ქვეყნისთვის.
მე აქ წარმოვადგენ, და ჩემი პოზიცია, რომელიც აქ დავაფიქსირე, არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ უფრო საქართველოს მოსახლეობის პოზიცია. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, არ შეიძლება, საქართველომ თავის შესაძლებლობების ფარგლებში არ დაუჭიროს მხარი უკრაინას.
„ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ანდჯეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.