„რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს“, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დღეს ეს არის ისტორიული ბრძოლა ნამდვილად, როდესაც ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე მივალთ, სხვანაირად არც ხდება ისტორიულად... დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგები, რაც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა; ძველი ხედვა, რომ ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს.
ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ, ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტალური გარანტია, რასაც ჰქვია: ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას იმისთვის, რომ სწორედ უკრაინის ბრძოლის შედეგად დაჩქარდა ევროკავშირისკენ ინტეგრაციის გზა.
„ეს ძალიან ბევრს ნიშნავს; იმას ნიშნავს, რომ ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა, რომ თითქოს, საქართველო იყო თუ არა ევროპა... ეს დისკუსიაც დამთავრდა და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო ქვეყანა და აქვე გათქვა პოლონეთის მხარდაჭერის იმედიც.
„პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მან ძალიან სწორად შეფასა იმდროინდელი საფრთხე მომავალში, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც ჩვენ გვერდით დგას პოლონეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.