ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე დახურული არ არის, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს.
ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მიდის მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ახალი მოდელის შემუშავებაზე.
„აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა იცით, რომ მიმდინარეობს, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს, შესაბამისად მარტივი არ არის რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) შეხვედრის დროსაც (ესაა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო ვაჭრობაზე) აღნიშნული იყო და განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობა.
ეს ერთეული ქვეყნებია, მათ შორის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხი დახურული არ არის და ღიაა“, - განაცხადა მინისტრმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი 2012 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შეხვდა.