საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს. 

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოსახლეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება. ხშირ შემთხვევაში ეს არის არაპირდაპირ გაცხადებული, არამედ ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის გზით. ეს სხვადასხვა სფეროს ეხება. ჩვენ რომ მართლაც პოპულისტი მთავრობა ვიყოთ, ამაზე მეტი აქცენტები გვექნებოდა და ამას სხვანაირი ფორმით წარმოვაჩენდით ხოლმე. პირიქით, თქვენ[მედია] მიგვითითებთ ხშირ შემთხვევაში, რომ აქ არის ფარული თუ კვაზი სუბსიდირება, მხარდაჭერა მოსახლეობის და გვესმის, რომ მოსახლეობას იმ მდგომარეობაში, როცა ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, სჭირდება მხარდაჭერა. მთავრობა კი ამას აკეთებს. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ კორპორაციას დავეხმაროთ, თუმცა ეს იქნება სესხი და კორპორაცია მას გაისტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად, ნავთობის და გაზის კორპორაციას, როგორც სახელმწიფო საწარმოს, დავითაშვილის თქმით, გრძელვადიანად მთავრობას წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო საწარმოები იქნებიან ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობაში და ექნებათ ძალიან კარგი მმართველობა.

„სავალუტო ფონდთან ჩვენი რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაა გაწერილი, სტრატეგიის დრაფტი უკვე არსებობს, მთავრობა ამას დაამტკიცებს და მომავალ წელს გვექნება ახალი კანონი სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელშიც ეს სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს სრულად იქნება ასახული, რაც გულისხმობს მმართველობის გაუმჯობესებას, კორპორატიზაციას, ფინანსურ სიმყარეს და საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ესაა საწარმოები, რომლებიც შეძლებენ კაპიტალის მოზდვას და სექტორების გაუმჯობესებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.