„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, დაფიქსირდა წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა. 

„მისი დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველაფერი. ყველა სამკურნალო საშუალება რაც გამოიყენება უკეთდება პაციენტს. მოგეხსენებათ მკურნალობა არის რთული პროცესი და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. ამიტომ კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს. უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად და პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. 


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.