„კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან, ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც“, - შესაბამისი განცხადება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა გააკეთა.
კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და ხსენებული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას.
შოლცის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სანქციების საკითხზე პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით, განსხვავებული რჩება.
ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, შეუერთდნენ ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას.
„ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მომავლის საერთო ხედვა ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს მოიცავს.
პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით.
ჩვენ მივესალმებით იმ დასავლელ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.