რომის პაპმა ფრანცისკემ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „ოპერაცია რეინჰარდს" შეადარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ნაცისტებმა პოლონელი ებრაელები გაანადგურეს.
„ორშაბათს, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის კათოლიკე-ებრაული ურთიერთობის ცენტრმა „ოპერაცია რეინჰარდის“ წლისთავი აღნიშნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამან ძირითადად ებრაული წარმოშობის თითქმის ორი მილიონი ადამიანის განადგურება გამოიწვია. დაე, ამ საშინელი მოვლენების გახსენებამ ჩვენში გააღვიძოს ყველა სურვილი და მოქმედება მშვიდობისაკენ.
ისტორია მეორდება. ახლა ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - განაცხადა პონტიფმა.