უზბეკეთი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის წინადადებას „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის შესახებ არ ეთანხმება.
უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჟორაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ თუნდაც გაზის ხელშეკრულება გაფორმდეს რუსულ მხარესთან, „ეს არ ნიშნავს ალიანსს“.
მან განმარტა, რომ მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსული გაზის მიწოდებაზე ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ „ტექნიკური კონტრაქტი“.
„სხვა ქვეყნებიდან გაზის შემოტანისას ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ კომერციული კონტრაქტების საფუძველზე. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებზე გაზის სანაცვლოდ", - განაცხადა მირზამახმუდოვმა.
აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქმედებების კოორდინაციასა და რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსული გაზის ტრანზიტს.
იმავე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დააყენა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახურ მხარეს სასურველ შედეგამდე მისასვლელად „თემის შინაარსის გაგება“ სჭირდება.