ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, თქვენ არ უნდა განიხილოთ 12 რეკომენდაცია, როგორც პაკეტი. შეფასება იქნება დამსახურებაზე. ის დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული.
ჯერ დრო არის. ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის. ჯერ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს ამას. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.