მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია

ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად მოსამართლესაც შეუძლია, მოინახულოს პატიმარი და დარწმუნდეს მის მდგომარეობაში.

"ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი მდგომარეობა შესააბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს. ამ მუხლის მიხედვით, ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას. თავად სასამართლოსაც, მოსამართლესაც შეუძლია, მოინახულოს პატიმარი და დარწმუნდეს", - განაცხადა ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.