"ჩემი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს" - საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე.
„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც, ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის დასტურია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებაა და შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვის აირჩევს პარლამენტი ამ პოსტზე, ვინაიდან 12 ეს რეკომენდაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დიდი ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, ევროკავშირის პოზიციით ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი 5 წლის განმავლობაში იყო. ლომჯარია პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.