აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ციხიდან კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. ბოლო რამდენიმე თვე მისი ოჯახისთვის და თანაგუნდელებისთვის ჯოჯოხეთი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე მარიხუანის გადატანისთვის დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს.
წყაროზე დაყრდნობით CBS წერს, რომ გაცვლის წინადადებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ გრაინერი თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.
კალათბურთელმა ბრალი აღიარა, სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.