ბალტიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარასკევს რიგაში გამართულ შეხვედრაზე, მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განუცხადა.
ჯერ კიდევ 2014 წელს NATO-ს ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ მშპ-ს მინიმუმ 2%-ს დახარჯავდნენ თავდაცვაზე და მიუხედავად რუსეთის თავდასხმისა უკრაინაზე, NATO-ს ეს ზღვარი ჯერ არ აუწევია.
ესტონეთმა უკვე დაგეგმა მილიარდი ევროს დახარჯვა თავდაცვაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - ეს არის მისი მშპ-ის დაახლოებით 2,9%-3,0%.
2023 წლის მარტში, ესტონეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ყველა წამყვანი პარტია უკვე აცხადებს, რომ სამხედრო ხარჯები მშპ-ს 3-6%-მდე გაიზრდება.
წელს ესტონეთი, ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვაზე მშპ-ს 2,34%-ს დახარჯავს, ლატვია - 2,10%-ს, ლიეტუვა - 2,36%-ს.