რუსეთთან „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი არ განგვიხილავს - ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი

ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი გაზის ტრანსპორტირების სისტემების ტექნიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ, თუმცა  „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, არ იყო განხილული  „სამმხრივი გაზის კავშირის“  შექმნის საკითხი. ყველა დისკუსია იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ვთქვათ, ყაზახეთი რუსეთის ფედერაციასთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან. ეს არ იყო განხილული სამმხრივ ფორმატში. განვიხილეთ ჩვენი სისტემების ტექნიკური შესაძლებლობები - გაზის ტრანსპორტირება და ა.შ.“, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის გაფართოებული სხდომის ფარგლებში ყაზახეთის ენეტგეტიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხები სამივე მხარის კოორდინაციას მოითხოვს.

„ეს სამუშაო საკითხებია, ამიტომ რაიმე სახის გაერთიანების შექმნაზე საუბარი აბსოლუტურად არ ყოფილა“, - აღნიშნა ბოლატ აკჩულაკოვმა. 

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქმედებების კოორდინაციასა და რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსული გაზის ტრანზიტს. 

იმავე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დააყენა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახურ მხარეს სასურველ შედეგამდე მისასვლელად „თემის შინაარსის გაგება“ სჭირდება.