„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ ცნობიილ გახდა, რომ ევროკავშირმა საკუთარი ერთგულება დაადასტურა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ
ერთმანეთს უნდა ავსებდეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირის გაფართოების პროცესი.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით რეგიონში მათი მედეგობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.
გარდა ამისა, დაკავშირებადობის საკითხების განსახილველად, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან.
შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც.