სვენ მიქსერი: 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი, უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.

„პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალები მოდის, მაგრამ ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი, უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დაძლიონ განსხვავებები“, – განაცხადა მიქსერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე.

ამასთან, როგორც მიქსერმა აღნიშნა, გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს.

„ზოგიერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მოხდა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა როცა მიდგება საქმე საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებაზე, ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა დამაზიანებელია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 რეკომენდაცია აღქმული უნდა იყოს, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს მთავრობამ ის საუკეთესოდ უნდა გამოიყენოს.

გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის საპასუხოდ, თუმცა რეკომენდაციების ნაწილი ისევ ილუზიური ჩანს; პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია თავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. კომპლექსური რეფორმების სისტემური შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.