თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა NATO-ს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს.
ლექციის მთავარ მიზანს NATO-ს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა.
LOGFAS NATO-ს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს.
ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს NATO-თან თავსებადობის ზრდას.