ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, საქართველოს როლს რეგიონში შეცვლის - დავითაშვილი

ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი იყო საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა პროექტი ევროკავშირში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ სწორედ კავშირგაბმულობა, დაკავშირებადობა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა წამოვაყენეთ პირველ ადგილზე. პირდაპირი დაკავშირება ელექტროენერგიის გაცვლის კუთხით, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თანმიმდევრული გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში.

ეს არის იგივე ჩვენი წევრობა ენერგოგაერთიანებაში და ეს ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. პროექტის ამ ეტაპზე შესწავლაც საქართველოს მიერ ხორციელდება. ესეც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან საქართველო ხარჯავს თანხებს პროექტირების ეტაპზე, მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც იტალიური კომპანია აწარმოებს. მომავალ წელს ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული პროექტი, რათა იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ.

საქართველომ უკვე რამდენიმე მილიონი დახარჯა ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი იქნება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების, რადგან ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება. ვფიქრობთ, წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება შეიძლება, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი იყოს. ამიტომ ჩვენ ოთხ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რადგან ამ ოთხი ქვეყნის ჩართულობა პროექტის მნიშვნელობასაც ზრდის, პროექტის წარმატებასაც ალბათობასაც ზრდის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს წარმატებული პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.