CIA-ს დირექტორი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ისევე როგორც მათი საწყისი გეგმის ჩავარდნა და შემდგომი ბირთვული რიტორიკა, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეშფოთება გამოიწვია.

უილიამ ბერნსის თქმით, „საინტერესო იყო ჩინეთის ხელმძღვანელობის რეაქცია უკრაინაში ომზე“, რადგან უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდნენ, სადაც „უსაზღვრო მეგობრობის“ შესახებ გამოაცხადეს.

თუმცა როგორც ბერნსმა აღნიშნა, ამ პარტნიორობის საზღვრები რამდენიმე კვირაში გამოიკვეთა - პეკინი არ აწვდის იარაღს რუსეთს.

„აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ამ პარტნიორობას რეალურად აქვს გარკვეული შეზღუდვები“, - ამბობს CIA-ს დირექტორი.

კითხვაზე, რა იქცევს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის ყურადღებას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ბერნსმა უპასუხა, რომ ეს არის კრემლის ბირთვული რიტორიკა.

„ვფიქრობ, მოხდა ძალიან საშიში „ბირთვული აფეთქება“, რომელიც პუტინმა და მის გარშემო მყოფებმა მოახდინეს”, - აღნიშნა ბერნსმა.

ბერნსის თქმით, მოსკოვი ცდილობს, დააშინოს დასავლეთი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსები „ვერ ხედავენ რაიმე ნათელ მტკიცებულებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმების შესახებ“.

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევს 15 ნოემბერს ეწვია. ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაზვერვის საზოგადოების ხელმძღვანელებს.