რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე, ქალაქ ბახმუტის დაცვას უკრაინის არმიისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ლიდერმა რუსეთთან თითქმის 10 თვიანი სისხლიანი კონფლიქტი შეაჯამა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილა, სადაც შეტაკებები გრძელდება.
რუსეთის ინტენსიური შეტევები უკრაინაზე გრძელდება, რუსული არმია აგრძელებს სასტიკი თავდასხმებს, კერძოდ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ასაღებად, განაცხადა პრეზიდენტმა.
„ბახმუტის მიმართულება რჩება საკვანძო. ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ დამპყრობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ არც ერთი კედელი ხელუხლებელი არ დარჩეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის არმია აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს რუსული ჯარების წინააღმდეგ ფრონტის სხვა სექტორებში, განაცხადა ზელენსკიმ.
„ჩვენ თანდათან ვამცირებთ ოკუპანტების პოტენციალს ზაპოროჟიეს რეგიონში, ხერსონის რეგიონში, მთლიანად სამხრეთში”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა,რომ არმიის წარმომადგენლებთან განიხილა სიტუაცია უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთთან და ბელორუსის საზღვრებთან.
„რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრის დაცვა ასევე ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენ ვემზადებით თავდაცვის ყველა შესაძლო სცენარისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 16 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის სერიოზული გათიშვის შედეგად, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ბახმუტთან 7 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.