ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის მშვიდობას დაიმსახურებს, თქვა საული ნიინისტომ.
„დღეს, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ლიდერებს შორის განვიხილეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესების გზები“, - დაწერა ნიინისტომ ტვიტერზე.
ჟურნალისტებმა ფინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის იდეაზე, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები.
ეს იდეა უარყვეს, მათ შორის, ნიდერლანდების, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა. მას არც ფინეთის პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი.
„რუსეთის მეზობლები არიან ისინი, ვისაც უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. თუ რუსეთი თავის მეზობლებს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მსგავსი მასშტაბის გარანტიები შეიძლება განიხილვის საგანი გახდეს“, - განაცხადა ნიინისტომ.
JEF-ში შედის ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვედეთი, დანია და ესტონეთი.