2022 წელს რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა

2022 წლის დასაწყისიდან რუსეთი 100 ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსეთის IT კომპანიებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ია.

ამის შესახებ ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციიდან IT სპეციალისტების წასვლის ორი ტალღა დაფიქსირდა. „თანამშრომლების 10%-მდე დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა”, - განაცხადა მაკსუტ შადაევმა. 

„ერთიანი რუსეთი“ აპირებს სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს დისტანციურ მუშაობას მათთვის, ვინც დატოვა რუსეთი და დაკარგა საგადასახადო რეზიდენტობა.

აკრძალვას დაქვემდებარებული პროფესიების საბოლოო ჩამონათვალს მთავრობა დაადგენს.