აზერბაიჯანის სავალდებულო დაზღვევის ბიურომ (ISB) ბიუროების საერთაშორისო საბჭოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოსა და ყაზახეთში რეგისტრირებული მანქანების მძღოლებს „მწვანე ბარათები“ მიჰყიდონ.
ინფორმაციას ISB ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ISB-მა ამის შესახებ ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ბიუროების საერთაშორისო საბჭოს.
შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანელი მზღვეველები ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მანქანების მფლობელებს „მწვანე ბარათის“ სადაზღვევო სერთიფიკატებს მიჰყიდიან.
„მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები დიდ სარგებელს მიიღებენ ამ საქმიანობიდან, რომელიც „მომსახურების ექსპორტის“ კატეგორიას მიეკუთვნება“,- წერს მედია.
„მწვანე ბარათი“ არის ავტომობილის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საერთაშორისო სისტემის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ მიმავალი ავტომობილის მფლობელს აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ.