მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს.

„ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით.

კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესაძლებლობების სრულფასოვანად გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის, ასევე საკანონმდებლო დონეზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე უწყებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.