ევროკავშირმა უკრაინას სკოლების აღდგენისთვის 66 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაზარალებული სკოლების რეკონსტრუქციისთვის უკრაინაში, 66 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინული მედია კომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

თანხებს უკრაინა საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით მიიღებს და ეს დახმარება 100 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ 16 დეკემბერს მოწერეს ხელი. 

დანარჩენ 34 მილიონ ევროს უკრაინა გაეროს მეშვეობით მიიღებს და ის სკოლებში სარემონტო სამუშაოს ჩატარებაზე, სასწავლო ოთახების აღჭურვილობისა და თავშესაფრებისთვის დაიხარჯება.

უკრაინის განათლების სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყანაში 2800-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება გაანადგურა ან დააზიანა.