ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორც ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს - როდესაც მას უკვე წაგებული ჰქონდა ომი, მაგრამ შორს იყო დასრულებამდე.
„რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ახლა სრულ იზოლაციაშია. სანქციები ძლიერდება. ომი ძვირი ჯდება. პუტინმა უკვე წააგო ომი. მას მცდარი წარმოდგენა ჰოქნდა უკრაინელების გამძლეობის შესახებ. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. პუტინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებშ“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ „ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ბრძოლები კიდევ ორი წელი გაგრძელდა“.
მისივე თქმით, პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია შექმნას ბევრი ქაოსი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
„აქედან გამომდინარეობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (უკრაინის) დაბომბვა იმ განზრახვით, რომ ხალხი ისეთ სიღარიბემდე მიიყვანოს, რომ მილიონებმა დატოვონ ქვეყანა და გადავიდნენ ევროპაში", - თქვა ტიმერმანსმა.