რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას „ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი“ დაგმო. პაპის თქმით, იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, სად არის „ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“.
„მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, კაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ. რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას არად აგდებენ! როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის ძირითადი მსხვერპლი სუსტები და მოწყვლადები არიან“, - აღნიშნა რომის პაპმა.