რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება“, - განაცადა მიხაილ გალუზინმა.

მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, მსურს შეგახსენოთ, რომ ის თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა.

[თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა", - განაცხადა მიხაილ გალუზინმა. 

რაც შეეხევა საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდება. „მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც“.