პუტინმა და ფაშინიანმა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

საუბარი დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგა.

„ჩვენ გუშინ დავიწყეთ და სამივემ მოვახერხეთ საუბარი: რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგება, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც ყარაბაღს ეხება. ასე რომ, როგორც შევთანხმდით, ჩვენ განვიხილავთ ამ ყველა დეტალს“, - განაცხადა პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის გახსნისას.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხია ლაჩინის დერეფანში მიმდინარე კრიზისი.

„იცით, ლაჩინის დერეფანი თითქმის 20 დღეა გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და მგზავრების, ტვირთის, ხალხის გადაადგილება ლაჩინის დერეფანში შეუფერხებლად უნდა იყოს გარანტირებული “, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის.

„რა თქმა უნდა, მინდა ვისაუბრო ამ ვითარებაზე, რა ვარიანტები არსებობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე, 23 დეკემბერს, დაგეგმილი იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების საკითხზე. თუმცა, ერევანმა ბოლო მომენტში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.