ფეხბურთის მეფე პელე გარდაიცვალა

ფეხბურთის ბრაზილიელი მეფე, რომელმაც რეკორდული რაოდენობის, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ფიგურა გახდა, ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა აგენტმა, ჯო ფრაგამ დაადასტურა

პელე 2021 წლიდან მკურნალობდა მსხვილი ნაწლავის კიბოზე და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კარიერა

პელემ ბრაზილიის ნაკრებში მთლიანობაში 114 მატჩი ჩაატარა და რეკორდული რაოდენობის, 95 გოლი გაიტანა, მათ შორის 77 ოფიციალურ მატჩებში.

მან კარიერა 1977 წლის პირველ ოქტომბერს, „ ნიუ-იორკ კოსმოსისა“ და „სანტოსის“ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დაახლოებით 77 000 გულშემატკივრის წინაშე დაასრულა.

პელე სან-პაულუს შტატის ქალაქ ბაურუში, სიღარიბეში იზრდებოდა. ახალგაზრდობაში თამაშობდა რამდენიმე სამოყვარულო გუნდში, რომელთა შორის იყო: Sete de Setembro, Canto do Rio, São Paulinho და Amériquinha.

1958 წელს, „სანტოსთან“ ერთად, პელემ პირველი მთავარი ტიტული - პაულისტას ლიგა მოიგო. 1975 წელს, პელე აშშ-ის კლუბ ნიუ-იორკ კოსმოსში ჩაირიცხა. ფეხბურთის პოპულარობა აშშ-ში და ამერიკელი მაყურებლის ინტერესი ხსენებული სპორტისადმი ამის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1977 წელს, მისი ლიდერობით გუნდმა ჩრდილოეთ ამერიკის ფეხბურთის ლიგა მოიგო.

პელეს პირველი საერთაშორისო მატჩი 1957 წლის 7 ივლისს „მარაკანას“ სტადიონზე შედგა, რომელიც ბრაზილიამ არგენტინასთან ანგარიშით 2–1 წააგო. ერთადერთი გოლი ბრაზლიის ნაკრებიდან ამ დღეს პელემ გაიტანა; ის მხოლოდ 16 წლის იყო და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მატჩში გოლი გაიტანა.

1958 წლის 19 ივნისს პელე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) „საუკუნის ფეხბურთელად“დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. ის აქტიურად მონაწილეობდა სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში, თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა. მოიხსენიებდნენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra) და „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol.