ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, რაზეც ბოლო დროს განვითარებული რეექსპორტის ტენდენცია მიუთითებს.
„არამხოლოდ რუსეთსა და სომხეთში, რეექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გაზრდილია. ექსპორტთან ერთად, რეექსპორტიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ერთ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ეკონომიკური კუთხით ყოველთვის შეეძლო დამაკავშირებელი როლის შესრულება.
როცა საქართველოს ეკონომიკურ ფუნქციაზეა ვსაუბრობთ, საქართველოს შეუძლია ჰაბის როლი შეასრულოს რეგიონში, შესაბამისად, ექსპორტის და რეექსპორტის ოპერაციები არის ზუსტად ამ ჰაბის ფუნქციის ნაწილი.
ასე ხდება ისეთ ეკონომიკებში, რომლებსაც აქვთ გარკვეული დამაკავშირებელი როლი რეგიონში და საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს როლი შეასრულოს. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენს ეკონომიკაში.
დარწმუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს ამ ფუნქციას, იქნება ჰაბი. ამისთვის ბევრი რამაა საჭირო. გვჭირდება უფრო მეტად ადეკვატური სტრუქტურა, კომპეტენციები, რაც ეტაპობრივად იზრდება ქვეყანაში, რომ მეტი რეექსპორტი, მეტი პროდუქციის დასაწყობება და გადამისამართება მოახდინოს საქართველომ და არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე გვქონდეს ორიენტირება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მათ შორის, რეექსპორტის ოპერაციებისთვისაც“, - განაცახდა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლით ტვირთების რეექსპორტი გამორიცხულია.
„თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აქ შეიძლება რაიმე ტიპის სანქციების გვერდის ავლას ჰქონდეს ადგილი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენი საბაჟო ოპერაციები არის ტრანსფარენტული, გახსნილი, კონტროლის სისტემები, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია, არის აღიარებული საუკეთესო პრაქტიკად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
გამორიცხულია რაიმე ტიპის გვერდის ავლაზე ან დასანქცირებული პროდუქტის რეექსპორტზე საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.