არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $100 მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა. გენერატორები კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურისთვის (სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გათბობის ცენტრები) არის განკუთვნილი. 

პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სახელმწიფო ფონდი აკონკრეტებს, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე 1300 გენერატორი ჩაიტანეს, 1200 კი, უკრაინამ დეკემბრის ბოლოს მიიღო.

ხსენებული პირველი პარტია გაიგზავნა რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში - ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ოდესა, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და კიევის რეგიონები, მეორე პარტია სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ლუგანსკის, დონეცკის რეგიონებსა და კიევში გაიგზავნება.